ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შედეგების თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთო მაჩვენებელი 25%-ია, რაც 6%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. კვლევის ავტორთა თქმით, 40-ზე მეტმა მუიციპალიტეტბა ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მხრივ მდგომარეობა გააუმჯობესა, თუმცა, 50%-იან ზღვარს 64-დან მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტმა გადააჭარბა, ხოლო მუნიციპალიტეტთა 40% ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან ზღვარს.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 61% დაფიქსირდა, რაც 14%-ით აღემატება 2017 წლის საუკეთესო მაჩვენებელს, რომელიც 47% იყო.
კვლავ პრობლემად რჩება იმ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, რაც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს. თვითმმართველობები, ძირითადად, ზოგადი ტიპის ინფორმაციას აქვეყნებენ და არ ხდება ადმინისტრაციულ ხარჯებზე, მათ შორის, საწვავზე, მივლინებებზე, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების გამოქვეყნება.
კვლევის ავტორთა ინფორმაციით, მაგალითად, სახელფასო ხარჯები გამოქვეყნებული აქვთ ჩხოროწყუსა და ვანის მუნიციალიტეტების მერიებს, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯები აქვს გამოქვეყნებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რეკლამაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული აქვთ, მაგალითად, ცაგერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს, თუმცა, ჯამურად, ამგვარი ინფორმაციის გამოქვეყნება მუნიციპალიტეტების მიერ, პრაქტიკულად, იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს.
როგორც ირკვევა, მერიების ნახევარზე მეტი არ აქვეყნებს მერის წლიურ ანგარიშებს, ხოლო საკრებულოს სხდომის ოქმებს მხოლოდ 29 საკრებულო აქვეყნებს, აქედან სრულყოფილად კი მხოლოდ 11 საკრებულო.
ამავე კვლევის თანახმად, მუნიციპალიტეტების 1/3 საერთოდ არ აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას საკუთარ სერვისებზე, ეს მაშინ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობა, პირველ რიგში, სწორედ სერვისის სრულყოფილად მიწოდებას უნდა უზრუნველყოფდეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევითა და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის დეტალური შედეგები მუნიციპალიტეტების მიხედვით იხილეთ ბმულზე.