ვიქტორ ჯაფარიძე: აბა, სხვა რა პრობლემა აქვს ძაღლს? ძაღლის პრობლემა ისაა, რომ მოქალაქეებს კბენს

4008

“ძაღლების უფლებებს კი ვიცავთ, მაგრამ მოქალაქეების უფლებებს ვეღარ ვიცავთ. დაკბინეს ძაღლებმა ადამიანები!.. მაშინ ამიხსენით, რისთვისაა ეს თავშესაფრები კარგი… შეწუხებულია მოსახლეობა და მოქალაქეები… ერთმანეთს მივულოცეთ რეგიონმა, ჩვენ, რომ როგორც იქნა, ძაღლები მოვაშორეთ და ერთ კვირაში მოაბრუნეს უკან… რატომ? გადამრევს ეს ხალხი”,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტში დეცენტალიზაციის სტრატეგიის განხილვისას ძაღლების თავშესაფრებზე საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინა.

სხდომაზე მუნიციპალიტეტებში ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემად ცხოველთა თავშესაფრების სერვისი დასახელდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განცხადა, რომ მუნიციპალურ განვითარების ფონდის მიერ აშენებულ ცხოველთა თავშესაფრები კლასიკური გაგებით თავშესაფარი არ არის, რეალურად ამ თავშესაფრების ფუნქციაა ცხოველთა აღრიცვა, სტერლიზაცია და აცრა, შემდეგ კი ძაღლები ისევ იმ ტერიტორიაზე უნდა დაბრუნდეს, საიდანაც აიყვანეს. ამ განხილვას მოჰყვა დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძის უკმაყოფილებაც.

ვიქტორ ჯაფარიძე: მაგალითისთვის, შარშან 30 თუ რაღაც (ძაღლი) მოაგროვეს, გვეგონა, რომ თავშესაფარში მიჰყავდათ. შესაბამისი თანხა გამოართვეს (მესტიის მუნიციპალიტეტს) და რამდენიმე დღის შემდეგ დააბრუნეს უკან. რატოა ეგრე, კაცო?! მაშინ, გავაკეთოთ ისეთი თავშესაფარი, სადაც დაიტოვებენ იმ ძაღლებს… თორემ, ძაღლების უფლებებს კი ვიცავთ, მაგრამ მოქალაქეების უფლებებს ვეღარ ვიცავთ. დაკბინეს ძაღლებმა ადამიანები!.. მაშინ ამიხსენით, რისთვისაა ეს თავშესაფრები კარგი?! აცრას გაუკეთებთ ერთხელ და დამთავრდა. პრობლემის მოგვარების გზა ეგ არ არის. არ მგონია.

მზია გიორგობიანი: პრობლების მოგვარების ერთ-ერთი გზაა, გამრავლების შემცირება, რომ ასეთი ძაღლები უპატრონდ არ იყოს. ცხოველთა უფლებების დაცვიდან გამომდინარე არ ვართ უფლებამოსილი, თავშესაფრებში გავაჩეროთ.

ვიქტორ ჯაფარიძე: უპატრონოდ არ არიან ისევ, როცა დავაბრუნებთ?!

მზია გიორგობიანი: თუ მავნებელი არ არის და თუ ის ჯანმრთელია, ახლა კბენასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ვერაფერს, ასე დეტალურად არ ვიცი ეს თემა…

ვიქტორ ჯაფარიძე: აბა სხვა რა პრობლემა აქვს ძაღლს? ძაღლის პრობლემა ისაა, რომ მოქალაქეებს კბენს. ეგ არის პრობლემა. შეწუხებულია მოსახლეობა, შეწუხებულია ხალხი და რასაც თქვენ ამბობთ, მე გეთანხმებით, მაგრამ უნდა დაიტოვოთ და თავშესაფარი რეალურად გავაკეთოთ, როგორც თავშესაფარი, თორემ მართლა შეწუხებულია მოსახლეობა და მოქალაქეები… ერთმანეთს მივულოცეთ რეგიონმა, ჩვენ, რომ როგორც იქნა, ძაღლები მოვაშორეთ და ერთ კვირაში მოაბრუნეს უკან… რატომ? გადამრევს ეს ხალხი.