პარლამენტი იმ ცვლილებების განხილვას უბრუნდება, რომლის თანახმადაც, სკოლა ვალდებული იქნება, სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები უზრუნველყოს

306

პარლამენტი “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას უბრუნდება, რომლის მიხედვით, სკოლა ვალდებული იქნება, მის ტერიტორიაზე სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები უზრუნველყოს.

პროექტი პირველი მოსმენით ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო. მას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 9 მარტის სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილავს.

წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, განათლების და მეცნიერების მინისტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს დაამტკიცებს. ამასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესს მიიღებს.

კანონპროექტით, 2023 წლის 1 იანვრამდე სამინისტრომ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.