თბილისის მერია „ღამის ეკონომიკის“ ფარგლებში მოქმედი ბიზნესების დახმარებას გეგმავს – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მერიში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პროექტ „ღამის ეკონომიკის“ გაგრძელებას შეეხებოდა.
„ღამის ეკონომიკის“ პროექტი გრძელდება. ამ კვირაში მივიღეთ შეთავაზება სექტორიდან, ეს არის ერთგვარი დახმარების პაკეტი, რომელსაც ითხოვს დარგი. კლუბებთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ და უახლოეს დღეებში, ან რამდენიმე კვირაში გავაკეთებთ ამაზე განცხადებას“, – განმარტა ბასილაიამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე პროექტი ეკონომიკური სამსახურის მართვის ქვეშ გააგრძელებს ოპერირებას.
შეგახსენებთ, პროექტ ღამის ეკონომიკის მენეჯერის პოსტი სერგი გვარჯალაძემ 2020 წლის აგვისტოში დატოვა. ის ამ პოზიციაზე 2018 წელს დაინიშნა. ახლა კი პროექტი მენეჯერის გარეშეა.