გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები მედიკოსებსა და ეპიდემიოლოგებს უფასოდ მოემსახურებიან. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
2 მარტიდან მთელს საქართველოში მომუშავე ექიმები და ეპიდემიოლოგები, მუზეუმების დათვალიერებას გურჯაანის მუნიციპალიტეტში, უსასყიდლოდ შეძლებენ.
გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ბეროშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ექიმების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლისათვის, მადლიერების ნიშნად მიიღეს.
”ეს არის ჩვენი მადლიერება იმ დიდი ბრძოლისათვის, რასაც ექიმები და ეპიდემიოლოგები კორონა ვირუსის წინააღმდეგ, წელიწადზე მეტია აწარმოებენ. მიუხედავად იმისა, რომ არსებული რეგულაციების ფონზე, ჩვენ დიდი ხანია შემოსავალი არ მიგვიღია, მაინც მზად ვართ ვემსახუროთ მედიკოსებსა და ეპიდემიოლოგებს, მთელი საქართველოდან”- განაცხადა ბეროშვილმა.
2 მარტიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მუშაობა დიდების მემორიალმა ნატო ვაჩნაძის, სოფელ ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის, სოფელ ბაკურციხის წმინდა გრიგოლ ფერაძის, სოფელ კარდენახის იოსებ ნონეშვილის სახელობისა და სოფელ ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის მუზეუმებმა განაახლეს.