“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, ცესკოს და საოლქო კომისიების წევრთა რაოდენობა 17-მდე იზრდება და 8-პროფესიული და 9-პარტიული წევრის პრინციპით დაკომპლექტდება.
საარჩევნო ადმინისტრაციის ამგვარად დაკომპლექტების წესი ასახულია პროექტში, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და ინიცირებისთვის პარლამენტს უკვე წარედგინა.
ცესკო შემადგენლობა 17 წევრისგან განისაზღვრება, რომელთა შორის არის ცესკოს თავმჯდომარე. ცესკოს 8 წევრს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი აირჩევს, ხოლო 9 წევრს პარტიები დანიშნავენ.
ამავე პროექტით, პროფესიული ნიშნით ცესკოს წევრობის 8 კანდიდატი ღია კონკურსის წესით შეირჩევა. პრეზიდენტი ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა გამოსცემს განკარგულებას, კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია უნდა შედგებოდეს საქართველოში დარეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
პროფესიული ნიშნით დანიშნული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.
ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან, პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით.
ცესკოს 9 წევრს პარტიები დანიშნავენ შემდეგ შემთხვევაში: – თუ პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოების მიზნით და მიეკუთვნა პარლამენტის წევრის მანდატი, თუ პარტიას ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება და ჰყავს სულ მცირე ერთი წევრი მაინც, რომელიც ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას.
რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას, პროექტით შეთავაზებულია შემდეგი სიახლე: – საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრება, რომელთაგან 5 წევრს, 5 წლის ვადით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო 9 წევრს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები ნიშნავენ. 3 წევრს კი, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
პოლიტიკურ პარტიები, არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 9 წევრს, ნიშნავენ შემდეგ შემთხვევაში: – თუ პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოების მიზნით და მიეკუთვნა პარლამენტის წევრის მანდატი, თუ პარტიას ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება და ჰყავს სულ მცირე ერთი წევრი მაინც, რომელიც ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. ამის თაობაზე პარტიამ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი წევრობის ვადით განისაზღვრება.