ნაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩის ბოლოში, სადაც მხოლოდ გრუნტის გზა იყო, ბეტონის საფარი მოეწყო.
დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი 3 კედელი მოეწყო, 508 გრძივ მეტრზე ბორდიური დამონტაჟდა და 2 541 კვ.მ ფართობზე ბეტონის გზა დაიგო.
უწყების ცნობით, რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
„ლომთათიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტი და ტალახი იყო, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მოქალაქეებს საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აწუხებთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 234 285 ლარი გამოყო.