გაბაიძე: აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს ოთხ ახალ ინიციატივას წარუდგენს

372

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს ოთხ ახალ ინიციატივას წარუდგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ბიუროს გადაწყვეტილებით, ,,ნორმატიული აქტების“, ,,სახელმწიფო ბაჟის“, ,,სახელმწიფო ქონების“ და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა, ასევე, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტები და განხილვის ვადები.

„ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით შესაბამისი მოხსენებები და ასევე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, ბიუროს სხდომაზე დავით გაბაიძემ წარმოადგინა. კანონმდებლებმა ამავე სხდომაზე მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო, იურდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების გამარტივებული წესით პლენარულ სხდომაზე განხილვას. ბიურომ განსაზღვრა 2 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტიც. სხდომაზე, რომლითაც უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია გაიხსნება, 4 საკითხი განიხილება», – აღნიშნულია ინფორმაციაში.