თურნავა: უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე

257

ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ნაბიჯია, არა მარტო, ჩვენი სპორტის განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა, როგორც ორგანიზება, ასევე, ქვეყნის ინფრასტრუქტურის ხარისხი.

მინისტრის განცხადებით, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დასრულდა ბაკურიანში ახალი საბაგიროს და სასრიალო არეალის მშენებლობა, ასევე, გაუმჯობესდა ხელოვნური გათოვლიანების კომპონენტი. ამდენად, სპეციალური ტრასა შეჯიბრისთვის ნაწილობრივ ხელოვნული თოვლითაა გაკეთებული.

„შეჯიბრი ძალიან მაღალ დონეზე გაიმართა. ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის სპორტული ღონისძიება ბაკურიანში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე. ჩვენ ასევე ვემზადებით მსოფლიო ჩემპინატისთვის, რომელიც 2023 წელს გაიმართება,” – განაცხადა მინისტრმა, რომელიც ბაკურიანში სქი-ქროსში მსოფლიო თასის შეჯიბრს დაესწრო.

მისი თქმით, ბაკურიანში მიმდინარე სქი-ქროსის შეჯიბრი მსოფლიო მედია საშუალებებით გადაიცემოდა.

“უამრავი ადამიანი უცხოეთში უყურებდა ბაკურიანსა და საქართველოს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არა მარტო ჩვენი სპორტისა და ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, რადგან ამ შეჯიბრით მსოფლიომ გაიცნო ბაკურიანი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში, COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 200 – მდე სპორტსმენი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და მსოფლიო თასის ეტაპზე მომუშავე ჟურნალისტი იმყოფებოდა. შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართა, მაგრამ სქი-ქროსის მოყვარულებს შეეძლოთ, მსოფლიო თასის ეტაპისთვის თვალყური ედევნებინათ იტალიურ-შვეიცარული მედია კომპანიის, Infront-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Eurosport-ის საერთაშორისო არხზე.