სააპელაციო სასამართლომ, დერცელი-კიკიბოს სადავო სათიბების საქმეზე, 13 ოჯახის სარჩელი, ერთი მოსარჩელის მიმართ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მისი ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემა უკანონოდ ცნო. როგორც ოჯახების ინტერესების დამცველი, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, სასამართლო დავა კვლავ გაგრძელდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ადიგენში, აღმსარებლობით მუსლიმ ადგილობრივებსა და მართლმადიდებელ სასულიერო პირებს შორის დავა 2019 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 9 ჰექტარი ტერიტორია, რომელსაც ადიგენელი გლეხები წლების განმავლობაში სათიბად იყენებდნენ, საპატრიარქოს გადასცა.
სააპელაციომდე, აღნიშნული საქმე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განიხილა, რომელმაც ეს ტერიტორია საპატრიარქოს მიაკუთვნა. თუმცა 13 – ოჯახმა და მათმა ადვოკატებმა (ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა – EMC) საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
EMC-ის განცხადებით რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათი სარჩელი, ერთი მოსარჩელის მიმართ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საძოვრების გასხვისებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ბათილად ცნო.
ორგანიზაცია სასამართლოში 13 ოჯახის ინტერესებს იცავს, როგორც EMC-ის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო დავა კვლავ გაგრძელდება
“სოფლის მიწების სხვა კერძო პირებისთვის საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკა ხშირად უგულებელყოფს ადგილობრივების სოციალურ ინტერესებს და უფლებას ჰქონდეთ წვდომა სოფლის მიწაზე, რომელიც მათი ცხოვრების და გადარჩენის სასიცოცხლო რესურსია. ამ ინტერესის უგულებელყოფა კი სახელმწიფოს ამგვარ პრაქტიკას თვითნებურს და ანტისოციალურს ხდის” – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში
მართლმადიდებლური მხარე ირწმუნება, რომ ეს ტერიტორია მათ კანონიერად გადაეცათ და უკვე ტაძრის მშენებლობაც მიმდინარეობს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთები მათ სარგებლობაში იყო წლების განმავლობაში და დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვთ.