ღარიბაშვილი: სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

699

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე და ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება.

როგორც მან მთავრობის დღვანდელ სხდომაზე განაცხადა, საბჭო შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე, უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე.

„ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კოპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანია, კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან დაახლოება. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს და გამოცდილებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ აღნიშნულ რეფორმას და ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე ჩართულები არიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ბანკი და „აზიის განვითარების ბანკი“. სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მიზანია პანდემიისგან გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარება. სწორედ ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ვქმნით სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვთ საკმარისი პოტენციალი, რომ წამყვანი როლი შეასრულონ ეკონომიკის დარგების განვითარებაში. ვფიქრობთ, რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.