თბილისის მერიასთან თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა სამშენებლო ნებართვების მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ, მერიამ მათ მშენებლობის ნებართვა მისცეს.
აქციის მონაწილეები აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძეს ხვდებიან.
„ჩვენი მოთხოვნები კანონიერია, 100%-იანი მფლობელი ვართ მიწის საკუთრების, რომელსაც წლებია, ვერ ვიყენებთ. ვითხოვთ მშენებლობის ნებართვას, ე.წ. გრგ-ს გაკეთებას მერიისგან იმიტომ, რომ ფინანსურად ამის საშუალება არ გვაქვს. ვითხოვთ მშენებლობის ნებართვას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე იმიტომ, რომ მიწის ნაკვეთები ჩვენი საკუთრებაა. ახლა ეს მიწის ნაკვეთები რეკრეაციული სივრცეა, რის გამოც ერთ ბოძსაც ვერ ჩაარჭობ და ღობეს ვერ გააკეთებ, ისეთი სტატუსი აქვს მინიჭებული. განაშენიანების მიღმა ვართ დარჩენილები“,-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლელა წიკლაური.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, არჩილ ლაცაბიძემ განაცხადა, მათ თბილისის მერიას მშენებლობის ნებართვით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„მიწები ჩვენს მფლობელობაშია უკვე რამდენიმე წელია და მერია აშენების უფლებას არ გვაძლევს. მიანიჭეს ზოგს სარეკრეაციო ზონა და თავიანთ ნებაზეა. ძალიან კარგი ადგილებია, ზღვის ხედით. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი კატა-თაგვობანა. შეხვედრები ადრეც გვქონდა, მაგრამ შედეგი არ არის. მოვდივართ, ვწვალობთ ამ სიცივეში, ოჯახები გვყავს და სახლი გვინდა ავაშენოთ. რამე ხომ არ მიმიტაცია?! აქ მაქვს მიწის ნაკვეთის საბუთები, მაგრამ მერია არ მაძლევს საშუალებას, რომ სახლი ავაშენო. თუ კალაძე არ დაგვეხმარება, შეიძლება პრემიერ-მინისტრს მივმართოთ“,-განაცხადა არჩილ ლაცაბიძემ.