„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს

303

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

სამოქალაქო აქტივისტები სკანდირებდნენ: „მონა“, „გავრილოვის მონა“.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მოძრაობა „სირცხვილიას“ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილი.

დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

სამართალდამცველებსა და აქციის მონწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ პოლიციას მოუწოდეს, ტერიტორია დაეტოვებინათ და არ შეესრულებინათ უკანონო დავალება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სამართალდამცავებმა დილის 9 საათისთვის დააკავეს. ის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა საკუთარი კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

სამართალდამცავებმა შენობაში მყოფებს ნახევარი საათი მისცეს პარტიის ოფისის დასატოვებლად. ოფისთან მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული პოლიციელი და სპეცრაზმელი.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსგან დავალებული აქვს ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სწრაფად აღადგენენ.