თბილისში, საცხოვრებელი ფართი კიდევ 41 ოჯახს დაუკანონდა

345

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნისა და სამგორის რაიონებში მცხოვრებ 41 ოჯახს შეხვდა, რომელსაც წლების განმავლობაში საცხოვრებლების დაკანონების პრობლემა ჰქონდა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.

კახა კალაძის განცხადებით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.

„დღეს 41 ოჯახს, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, გადაეცა საცხოვრებელი ფართები. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. წინასაარჩევნო დაპირება იყო და ბევრი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. მოხარული ვარ, რომ ამდენი ოჯახი გავაბედნიერეთ. ყველამ ნახა, რამხელა სიხარული იყო. მინდა, მივმართო ყველა იმ ოჯახს, ვისაც ანალოგიური, წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემა აწუხებს, მიმართონ რაიონულ გამგეობებს, სადაც მათ ზედმიწევნით აუხსნიან, რა დოკუმენტაციის წარდგენაა აუცილებელი იმისთვის, რომ შემდეგში მოხდეს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც, წლებია, ცხოვრობენ. მათ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე 1 500-დე ოჯახია დაკმაყოფილებული. გარდა ამისა, თბილისის მერიაში კვლავ გრძელდება შესული განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.