გელათის სამონასტრო კომპლექსზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეჩერებულია

372

მესამე დღეა გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ მიმდინარეობს. უხვი ნალექის პირობებში, ტაძარი დროებითი გადახურვის იმედადაა დატოვებული. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში პროცესის შეჩერებას უამინდობას უკავშირებენ და ირწმუნებიან, რომ არც მთავარ ტაძარს და არც წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას საფრთხე არ ემუქრება.

“გუშინ შევაჩერეთ სამუშაოები წვიმის გამო. ახლა ინტერიერში ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. ჩვენი შეფასების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარ ტაძარზე დროებითი გადახურვა თავის ფუნქციას ასრულებს. რაც შეეხება წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას, სპეციალისტებმა დაათვალიერეს ყველა კრიტიკული არეალი და წყლის ჩადინების რისკები არ გამოვლენილა”, – განუცხადა ქუთაისიპოსტს სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ.

სააგენტოს ინფორმაციით, მონასტერში სამუშაოები 20 თებერვლიდან, კლიმატის შესაბამისად განახლდება.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ტაძარზე ხარვეზებმა თავი იჩინა და შუა საუკუნეების ნაგებობის უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” დააბრალა. სააგენტოს თქმით, კომპანიამ სახურავი ცუდი ხარისხის კრამიტით მოაპირკეთა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ტენტით გადახურეს.

ტაძარს დროებითმა გადახურვამ არ უშველა. ნაგებობაში კვლავ ჩადიოდა წყალი. საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ, სააგენტო იძულებული გახდა სახურავზე ამჯერად თუნუქის გადახურვა მოეწყო, თუმცა, არც ეს დროებითი ღონისძიება აღმოჩნდა მყარი. რამდენიმე დღეში თუნუქიც დაზიანდა და ტაძარზე სპეციალისტები ისევ ხარვეზების გამოსასწორებლად ავიდნენ.

მომხდარის შემდეგ სააგენტო იძულებული გახდა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები დაეჯარიმებინა და პროცესისთვის ჩამოეშორებინა. ტაძარზე ახლა სრულად უნდა შეიცვალოს კრამიტი, რომელსაც ახალი კომპანია “ბაგინეთი + ” შეასრულებს.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.