16 თებერვალს საღამოს დაწყებულმა უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მძიმე პრობლემები შექმნა. მე-12 ზონაში შემავალ საავტომობილო გზებზე მოვლა-პატრონობა კომპანია “საგზაო სამშენებლო სამმართველო #1”-ს აქვს დავალებული. თუმცა, გორის მერიამ გზების გასაწმენდად “კეთილმოწყობის სამსახურის” ტექნიკა გამოიყვანა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
როგორც მოვიძიებით, გორსა და მის მიმდებარედ, ასევე ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტოტირაზე, გზების მოვლა-შენახვისთვის გამოყოფილია 4 მლნ ლარი. კომპანია საგზაო სამშენებლო სამმართველო #1-თან ხელშეკრულება 2020 წლის 23 დეკემბერს დაიდო. დამკვეთი საგზაო დეპარტამენტია.
ხელშეკურლების მიხედვით, “საგზაო სამშენებლო სამმართველო #1” ევალება №12 ზონაში არსებული საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) და ზამთრის შენახვის სამუშაოები, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია, ასევე აღნიშნული ზონის მიმდებარედ, გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებში შემავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა.
იმ პუნქტში, სადაც ზამთრის შენახვის სამუშაოები აღწერილი, ვკითხულობთ:
ზამთრის მორიგეობა: ამ პუნქტში შედის საყრდენი პუნქტის მექანიზატორების, მუშების და სხვა პერსონალის მორიგეობის ხელფასი, რაც საშუალებას იძლევა დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოხდეს მათი მობილიზაცია და გაყვანა გზების იმ მონაკვეთებში, რომლებიც თოვლცვენისა და ლიპყინულის გამო მოითხოვენდაუყოვნებლივ გაწმენდას. განზომილება კაცი/ცვლა (ცვლაში იგულისხმება 12 საათი).
20%-იანი ქვიშა-მარილის ნარევის (ფრაქცია 0-5) მოყრა გზის სავალ ნაწილზე ავტომანქანიდან ხელით. ამ პუნქტში შედის 20%-იანი ქვიშა-მარილის (ფრაქცია 0-5) ნარევის მომზადება ტრანსპორტირება და გზის სავალ ნაწილზე მოყრა ავტომანქანიდან ხელით.
თოვლის წმენდა გრეიდერით 150 ცხენის ძალამდე სიმძლავრით;
თოვლის წმენდა ბულდოზერით 170 ცხენის ძალამდე სიმძლავრით;
თოვლის წმენდა როტორით: ამ პუნქტში შედის თოვლის წმენდა როტორულ-თოვლმწმენდით;
თოვლის წმენდა კომბინირებული საგზაო მანქანით – ამ პუნქტში შედის თოვლის წმენდა კომბინირებული საგზაო მანქანით.
სავალდებულო მოთხოვნები: ზამთრის შენახვის სამუშაოების პუნქტის ღირებულებაში არ შედის პერსონალის ხელფასი. მისი ანაზღაურება ხდება “ზამთრის მორიგეობის” პუნქტიდან ხელფასისათვის განსაზღვრული თანხებით.