პარლამენტმა პირველი მოსმენით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის შექმნის ინიციატივა ისე განიხილა, რომ მომხსენებელთა მიმართ არც კითხვები დაუსვამთ და არც მოსაზრებები გამოუთქვამთ.
პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო პროექტების წარდგენის შემდეგ, პირველი მოსმენის პროცესი კითხვების დასმისა და გამოსვლების გარეშე დასრულდა.
პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომლის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ სამინისტროდ ყალიბდება. საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს 57 კანონში ითვალისწინებს.
ცვლილებები დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა გააცნო.
პარლამენტს დღეს ასევე, პირველი მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის წარედგინა, რომლის გათვალისწინებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტიდან კულტურის სფერო გამოიყოფა და კულტურის კომიტეტად ყალიბდება.