თბილისში, ტყვარჩელის ქუჩაზე ე.წ. ბარაკების ადგილას სკვერი მოეწყობა

375

საბურთალოს რაიონში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ტყვარჩელის ქუჩა N5-ში, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და უახლოეს მომავალში სკვერი მოეწყობა.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი სრულდება.

მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით და პროექტიც მათი ჩართულობით დაიგეგმა.

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ე.წ. ბარაკები დაინგრევა და კორპუსის ნაცვლად სკვერი მოეწყობა. სპორტის სასახლის მიმდებარედ, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, თბილისის მერის გადაწყვეტილებით განხორციელდა ადგილმონაცვლეობა და უახლოეს პერიოდში ძალიან ლამაზი სკვერი მოეწყობა“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაოების ფარგლებში, 1 300 კვ.მ. ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება და სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი განთავსდება.

უწყების ცნობით, პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოყოფილი და სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ახორციელებს.