გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ინფორმაცია კომიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა და დეტალურად ისაუბრა იმ გარემოს დაცვის სფეროში იმ ძირითად პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება.
კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე იმ პროექტების შესახებ, რომლებისთვისაც დონორ ორგანიზაციებს ასეულობით მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია როგორც ტყის რესურსების მართვის, ასევე მწვანე ეკონომიკის განვითარების, ემისიების რეგულირებისა და მწვანე შესყიდვების განხორციელების კუთხით.
ასევე, განიხილეს პროექტები, რომლებიც ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების წინასწარ მართვას, წინასწარი გაფრთხილების სისტემების შექმნას ეხება.
„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს მდინარეების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება, იმ სისტემისა, რომელიც დაახლოებით 2005-2008 წლებში მთლიანად მოიშალა და განადგურდა საქართველოში. ეს ყველა პროექტი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეთ გარემოსდაცვითი რეგულირების. ასევე სამინისტროსთან ერთად განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც აქტიური თანამშრომლობაა აუცილებელი, რათა რეგიონებში მეტი პროექტი განხორციელდეს, მათ შორის, ურბანული ტყეების მართვის, ფიტოსანიტარიის გაძლიერების, ასევე მდგრადი ურბანული გაუმჯობესების კუთხით, რაც ნიშნავს ახალი სატრანსპორტო ეკოსისტემების ჩამოყალიბებას, რაც ქალაქებში დაბინძურების და საცობების აღკვეთის ერთ-ერთი მთავარი პირობაა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
საუბარი ასევე შეეხო სახიფათო ნარჩენების სამომავლო გეგმებს, სადაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი არის დონორი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტებთანაც მოხდება თანამშრომლობა, რომ ბიზნესს და სავაჭრო ქსელებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ტიპის სახიფათო ნარჩენებს წარმოქმნის მათი ობიექტები.
„სამომავლო გეგმები არის ძალიან მასშტაბური. პირველ რიგში, იქმნება სამუშაო ჯგუფები, ვიწყებთ ერთობლივად სამინისტროსთან კანონმდებლობაზე მუშაობას და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველომ, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე, ეფექტიანად გამოიყენოს ის ასეულობით მილიონი ლარის საგრანტო დახმარება, რასაც საქართველოს აძლევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ბუნებრივია, ისინი ამ თანხას აძლევენ საქართველოს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ, სხვაგვარად ეს თანხები არ იქნებოდა გამოყოფილი, შესაბამისად, სამომავლო გეგმები მასშტაბურია და ჩვენი კომიტეტი სამინისტროსთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებს მათ განსახორციელებლად“, – განაცხადა მაია ბითაძემ.