საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეფექტიანი თანამშრომლობით, როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე, ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად საქართველო უახლოეს პერიოდში ხარისხიან ვაქცინას მიიღებს.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების მიზანია, რომ წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 60% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იყოს აცრილი.
„ოპონენტებისგან ჯერ იყო ტესტირებაზე იგივე მიდგომა. ყველაფერი იქნება კარგად. საქართველოში იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა, ვაქცინების მოწოდება დაიწყება უახლოეს კვირებში და აცრის პროცესიც დაიწყება მიზნობრივი ჯგუფებიდან იმ გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციას ჯამრთელობასთან ერთად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველაზე სწორი ნაბიჯია, რომ ეფექტიანი თანამშრომლობით, როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე, ასევე ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება ხარისხიანი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა“,- განაცხადა გახარიამ.