ვაგზლის მოედანზე, მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეებმა, „ლეიბორისტული პარტიის” წევრ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები მიწისქვეშა გადასასვლელში მოვაჭრეებისათვის იჯარის გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ. მათ დახმარებისათვის თბილისის მერიას და თბილისის მერ კახა კალაძეს მიმართეს.
„მოიჯარეს მერიისაგან აქვს აღებული ეს ტერიტორია, 3 ლარიდან დავიწყეთ, შემდეგ გაგვიხადეს 6 ლარი, 8 ლარი, 10 ლარი და ახლა კიდევ 2 ლარით გვიძვირებენ გადასახადს. ფიზიკურად შეუძლებელია ამ თანხის გადახდა, მივმართეთ მოიჯარეს, მაგრამ მან უარი გვითხრა. მინდა მივმართო თხოვნით მერიას, როგორმე ხალხსაც მიაქციეთ ყურადღება, რომ იბარებთ სხდომებზე ბიზნესმენებს, ზოგჯერ ჩვენც შეგვეკითხეთ რა გვიჭირს”, – აღნიშნა მოვაჭრე მზია ლებანიძემ.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მერიამ, რომელიც არის ამ მიწისქვეშა გადასასვლელის მეპატრონე, უნდა უზრუნველყოს, რომ ამ ადამიანებს გადასახადი არ გაეზარდოს.
„მოვითხოვთ კახა კალაძისაგან უზრუნველყოს წვრილი მოვაჭრეების მხარდაჭერა და მათი გაკოტრების ნაცვლად უზრუნველყოს, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი ოჯახების რჩენა. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რადგანაც მერია გახლავთ მიწისქვეშა გადასასვლელის მეპატრონე, როგორც უნდა ისე მოაგვაროს ურთიერთობა იმ კომპანიასთან, რომელიც არის შუამავალი რგოლი ამ ადამიანებსა და მერიას შორის“, – აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.