ტელეკომპანიების, რუსთავი 2-ის და იმედის ეთერში ბოლო დღეების განმავლობაში გადის ვიდეორგოლი სლოგანით „გაკეთდა თბილისისთვის“, რომელშიც მოთხრობილია 2014-2017 წლებში თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ვიდეორგოლი თავისი შინაარსით წარმოადგენს თბილისის მერიის რეკლამას და მისი განთავსება, ერთი მხრივ, არღვევს ქართულ კანონმდებლობას, მეორე მხრივ, კი უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.
ამ ვიდეორგოლის განთავსებით შემდეგი მიზეზების გამო ირღვევა ქართული კანონმდებლობა:
-
„მაუწყებლობის შესახებ კანონის” 66′-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომუნიკაციის ეროვნული კომისიის 15 ივნისის №398/18 გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსება მის დაფინანსებად ითვლება და აკრძალულია, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა;
-
ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსება მაუწყებლებში, თუმცა ვიდეორგოლი არ არის განთავსებული სოციალური რეკლამის სტატუსით. აღსანიშნავია, რომ ის არც აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის მოთხოვნებს;
-
ზემოთ მოცემული ორი პუნქტის გათვალისწინებით, თბილისის მერიას რჩებოდა მხოლოდ ერთი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ვიდეორგოლი მაუწყებლებში განეთავსებინა: ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონის 66′-ე მუხლის მე-2 მუხლის მეორე წინადადება, რომელიც მერიას უფლებას აძლევს შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება „საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით”.
მერიის ვიდეორგოლში მოთხრობილია 2014-17 წლებში დაგებული გზების, აშენებული ხიდების და აღდგენილი ინფრასტრუქტურის შესახებ, ვიდეორგოლი არ ახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას სიახლეების, პროცედურების ან გადაუდებელი გარემოებების შესახებ, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ, ვიდეო არ ემსახურება საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას.
გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია, შესაბამისად, ასეთი რეკლამების გაშვება ამომრჩევლის მიერ, შესაძლოა, აღქმული იქნეს როგორც მმართველი პარტიის არაპირდაპირი რეკლამა, ეს კი საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება. მსგავს პრობლემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წინა არჩევნების დროსაც ხშირად წერდა.
მოვუწოდებთ:
-
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას – შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტი და მიიღოს შესაბამისი ზომები;
-
ქალაქ თბილისის მერიას – შეწყვიტოს მსგავსი რეკლამების ტელევიზიებში განთავსება;
-
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას – დაინტერესდეს ამ საკითხით და, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია.