გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სადრენაჟე სისტემის ახალი ქსელი მოეწყობა.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი. უკვე დასრულდა წინადადებების მიღება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 066 700 ლარია.
წმინდაწყლის დასახლებაში, უხვწყლიანობის დროს ჭაობდება სასმელი წყლის ძველი სათავე ნაგებობის (#2) მიმდებარე ტერიტორია, იტბორება საცხოვრებელი შენობების სარდაფები და ეზოები”, – ამბობენ გორის მერიაში.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ძველი სადრენაჟე სისტემა ამორტიზებულია და ვეღარ ითვისებს გრუნტის წყლებს.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა თვითდენითი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გრუნტის წყლების გადინებას.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოები 6 თვეში უნდა დასრულდეს.