პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თელავში ისევ პარკის იერსახის დამახინჯებასა და საბიუჯეტო თანხების უსარგებლოდ ხარჯვაზე ალაპარაკდნენ. ამჯერად უკმაყოფილების მიზეზი, პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ გადასახედებზე, რკინის მესერის შემოვლება გახდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო თანხები, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაფლანგა და პარკი დაამახინჯა.
“როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი და როგორ უნდა ფიქრობდე სულ” ატკატებზე”, რომ 300 ათასი ლარი დახარჯო და ეს გააკეთო. სამარხცვინო და მავნებლობაა ახლა ნადიკვრის პარკში ამ სასაფლაოს ” რეშოტკების” შემოვლება”- განაცხადა ბოტკოველმა.
თელავის დაცინვად აფასებს, პარკში რკინის მესერების განთავსებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ნინო გოგოლაშვილიც.
”ეს არის თელავის სავიზიტო ბარათი, ლამის საუკუნეზე მეტ ხანს ცნობილი ადგილი. რკინის მართლაც რომ “რეშოტკების” შემოვლება თელავის დაცინვაა. ამხელა ფულს ხარჯავენ და ერთი ნორმალური პროექტი ვერ დაუდიათ, რაც ისტორიასა და ამ ქალაქის ტრადიციებს მოერგება და შესაფერისი იქნება”- განაცხადა გოგოლაშვილმა.
ოპონენტების ბრალდებებს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში უპასუხეს. ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, პარკის რეაბილიტაცია, პროექტის შესაბამისად მიმდინარეობს.
”ზუსტად ასეა პროექტში და შესაბამისად, მიმდინარეობს სამუშაოები. რკინის მესერის გათვალისწინება მოხდა იმ მიზეზით, რომ ხისგან გაკეთებული დააზიანეს, მინებით იყო შემოსაზღვრული, დაამტვრიეს. ამიტომ გადაწყდა, მესერი რკინისგან დამზადებულიყო. ახლა ეს ჯერ დასრულებული არ არის, საბოლოო სახე რომ მიეცემა და შეიღებება, დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონება. ყველა თეთრი, რაც გამოყოფილია, იხარჯება მიზნობრივად და პროექტის შესაბამისად”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.
“ნადიკვარის” პარკის რეაბილიტაციისათვის თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა. საბოლოო ტენდერში გამარჯვებული შპს ” ბერმუხა” გახდა.
რეაბილიტაციის პროექტის ავტორი კი, ასევე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ” რენდერ- არქია”. გამარჯვებულმა კომპანიამ იმ ეტაპზე, პროექტში გაითვალისწინა თელაველების იმ ნაწილის პრეტენზიები, რომლებიც დიდი რაოდენობით ფანჩატურებისა და პარკში გადასასვლელი ხიდის მოწყობას შეეეხებოდა.
” ნადიკვარის” ცნობილი პარკის რეაბილიტაციისათვის 315 410 ლარი უნდა გაიხარჯოს.
პარკის თავდაპირველი განახლება 2012 წელს განხორციელდა. იმ დროისათვის, სამუშაოები მსოფლიო ბანკმა 5 424 352 ლარით დააფინანსა.
”ნადიკვარი” ტრადიციულად ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დასასვენებელი ცნობილი ადგილია, რომელიც თელავის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ ბორცვზე მდებარეობს.