თბილისის მერია სოციალურად დაუცველებისთვის 5000 კვ.მ ფართობის საბინაო ფონდს ქმნის

370

თბილისის მერია სოციალურად დაუცველებისთვის 5000 კვ.მ ფართობის საბინაო ფონდს ქმნის. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის საკრებულოს წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა მიაწოდა.

როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, საქმე ეხება იმ ბინებს, რომელიც თბილისის მერიას K2 კოეფიციენტის აკრძალვამდე, იმ ინვესტორებისგან უნდა მიეღო, რომლებსაც მერიამ კოეფიციენტის გაზრდის შესაძლებლობა გარკვეული პირობებით მისცა. უფრო კონკრეტულად იმ სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც K2 კოეფიციენტის გაზრდის პირობით ისარგებლეს, ვალდებულები არიან სახელმწიფოს გაზრდილი კოეფიციენტით მიღებული ფართების 10% ჩააბარონ. სწორედ ამ ფართებს ჩაიბარებს თბილისის მერია უახლოეს მომავალში.

“სანამ K2 კოეფიციენტების გაყიდვას ავკრძალავდით და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რომ ავკრძალეთ, მანამდე ინვესტორებს, რომლებსაც უნდოდათ K2 კოეფიციენტების გადამეტება, ჩავუდეთ პირობა, რომ 10% იმ ფართებიდან მოდიოდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. ჩვენ ახლა ამ ფართებს ნელ-ნელა მივიღებთ და ძალიან დიდი საბინაო ფონდი შეიქმნება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მუნიციპალიტეტს უჩნდება თავისი საბინაო ფონდი, მანამდე მსგავსი რამ არ ყოფილა ქვეყანაში. შემდეგ უკვე უნდა დავჯდეთ მერიის წარმომადგელებთან ერთად და ჩამოვაყალიბოთ კრიტერიუმები – ვინ მიიღებს პირველ რიგში ბინას. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ამ შემთხვევაში სოციალურად დაუცველები იქნებიან, რომლებსაც მართლა უჭირთ და არა ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ნათესავებზე აქვთ ქონება გადაფორმებული”, – აცხადებს საკრებულოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, 2019 წელს დამტკიცებული ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, K2 კოეფიციენტის მატება შეიზღუდა.

როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, ამავე პერიოდში გარდამავალი განცხადებები იყო და თბილისის მერიას K2 კოეფიციენტების მატებაზე მსჯელობა მოუწია. დასახელდა პირობაც, რომ სოციალური საბინაო ფონდის შექმნის მიზნით, დეველოპერების კონტრიბუცია იქნებოდა და ვისაც გარდამავალ პერიოდში K2 კოეფიციენტი თბილისის მერიის განმარტებით მოემატა, ნამატი კოეფიციენტის 10% მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დათმეს.