8 თებერვლიდან ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლაინებზე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება. თბილისის მერიის განცხადებით, ავტობუსების მოძრაობის აღდგენასთან ერთად ამ ხაზებში მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილება იკრძალება.
“როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლაინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია მ/ს „გოცირიძე“, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.
ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს,”- ნათქვამია განცხადებაში.