საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რესტორნების სესხის პროცენტის 80%-ით სუბსიდირების პროგრამის ტექნიკური მოთხოვნები შემსუბუქდება.
როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2 ათასი რესტორნიდან, რომელთაც მთავარობას პროგრამაში ჩართვისთვის მიმართა, მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა.
“ჩვენ დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დეკემბრიდან დაიწყო. ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე. ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. მომართვა იყო დაახლოებით 2 ათასი. თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები დააკმაყოფილა 420-მა რესტორანმა. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ ტექნიკური მოთხოვნების შემსუბუქების თაობაზე იმისთვის, რომ ამ 2 ათასმა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა, შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფო მხარდაჭერის ამ ღონისძიებით”,- განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად შეეხება სპორტის ინდუსტრიას და კერძო საბავშვო ბაღებსაც.
“ეს ღონისძიება არ შეეხება მხოლოდ რესტორებს, ის ასევე შეეხება სპორტის ინდუსტრიას, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდნაც იყო სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ბიზნესებია, რონმლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ”,- განაცხადა გახარიამ.