თეიმურაზ ბოჭორიშვილის I ჩიხის მიმდებარედ სკვერი ეწყობა

447

გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობას განაგრძობს.

გამგეობის ინფორმაციით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე (გლდანის „ა” მ/რ შეშელიძის ქ. N126 მიმდებარედ) სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიწყო.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – დაითესა ბალახი და ასევე, დაირგვება ხეები.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 316 573 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ანელო” ახორციელებს.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოწყობა. შესაბამისად, გლდანის გამგეობა 2021 წელს კვლავ აქტიურად გეგმავს მსგავსი სივრცეების მოწყობას. როგორც იცით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა. გასულ წელს გამგეობამ ამ მისამართზე გზის საფარის კაპიტალური მოწესრიგება დაასრულა. წელს კი, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ლევან ნაროუშვილმა.

გამგებელმა მოსახლეობას სკვერის პროექტი გააცნო და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.