პანდემიის გამო ტურიზმის გაჩერებამ ქვეყნის შემოსავალი $3 მილიარდით შეამცირა, რაც ძალიან დიდი ფულია და ამიტომ სებ-ი 2020 წელს სავალუტო ინტერვენციებს აქტიურად ახორციელებდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პანდემიის გამო საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზიანდა, რამდენადაც პანდემიასთან გამკლავება მობილობის შემცირებას მოითხოვს და ტურიზმი აქტიური მობილობის გარეშე არ არსებობს. რამდენიმე კვლევის მიხედვით ის ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურიზმზე, მათთვის ეკონომიკის აღდგენა შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაშია მოსალოდნელი. 2020 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ უცხოელი ტურისტები და ამიტომ შემოსავლების სახით საქართველომ დაახლოებით 3 მლრდ დოლარი ვერ მიიღო, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან დიდი თანხაა.
2020 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ბაზარს განუწყვეტლივ აწვდიდა სავალუტო რესურსს. 916 მლნ დოლარი გავიტანოთ ბაზარზე და ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, როდესაც ვაფასებდით 2020 წელს განვითარების მიხედვით, 2021 წელსაც ბაზარზე აქტიურად დარჩენა მოგვიწევდა. რაც ასეც ხდება – იანვარში 80 მლნ დოლარი მივაწოდეთ ბაზარს, მაგრამ შეუძლებელი ზუსტად განვსაზღვროთ რამდენი და რა ინტენსივობით იქნება ეს. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიური ვრჩებით ბაზარზე და ჩვენი აქტივობა დამოკიდებული იქნება საგარეო სექტორის დინამიკაზე, მოლოდინებსა და ტენდენციებზე, რომელსაც დავინახავთ და ეკონომიკის აღდგენის სიჩქარეზე. მიუხედავად ამისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე კონკრეტული ნიშნული გაცვლით კურსთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მონაწილეობას იღებს ბაზარზე. ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მცურავი კურსის პოლიტიკას, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსის მოქნილობა აუცილებელია შოკებთან გამკლავებისთვის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.