593584052 – ესაა ჩემი ნომერი და დამირეკეთ – გადეპუტატებული ელისაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

390

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გაიმეორა.

“მე და ლევან იოსელიანმა მძიმე გზა გამოვიარეთ. დინების საწინააღმდეგოდ წასვლა, აღმა ცურვა მოვიწია და ბევრი სირთულის გაძლება და ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ, რისიც გვწამს და გვჯერა, ყოველთვის იმას გავაკეთებთ. გვჯერა, რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს. ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს და ასე იქნება სწორი.

ზოგს ჰგონია, ალბათ და ვერც დავაჯერებთ ბევრს, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და აქ რაღაც პრივილეგიებით არ შემოგვიტყუეს. ამას, რა თქმა უნდა, დრო გამოავლენს, მაგრამ ამის დასტურად ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი. არ ვიცი, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ადევნებდით თვალყურს, რომ ჩვენ გვქონდა უცნაური კამპანია, ტელეფონის ნომერი მქონდა გამოქვეყნებული და მთელი ჩვენი გუნდი ხალხს ვპასუხობდით. გავიმეორებ ჩემს ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება ნომერი. ვიღაც გამლანძღავს, ვიღაც შემაქებს და რაც მთავარია, სხვები პრობლემებს გვეტყვიან. 593 58 40 52 – არის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ. ვპასუხობდი წინასარჩევნოდ და ვუპასუხებ 4 წლის განმავლობაში, როგორც დეპუტატი”, — განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, პარტია “მოქალაქეების” პარლამენტში შემოსვლა, მემორანდუმის გაფორმებისა და 4 პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემდეგ, იყო სწორი გადაწყვეტილება.

“გვეკითხებიან, არჩევნები გაყალბდა თუ არა, დღეს “ქართული ოცნების” ერთ-ერთ დეპუტატთან აქ შემოსვლამდეც ვიკამათე. დიახ, გაყალბდა და ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა. მაშ რატომ ვარ ამ დარბაზში თუ გაყალბდა? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები. ამის გარანტიაა მემორანდუმი, რასაც ხელი მოვაწერეთ. მინდა ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან ვუთხრა, ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას კი ნუ ცდილობენ. არ მოსწონთ რაც იქ წერია? იბრძოლონ ჩვენზე მეტად, გაცილებით მეტნი არიან. 54- ნი არიან. მეტი გამოგლიჯონ “ქართულ ოცნებას” მეტი დაახევინონ უკან და ქვეყნისთვის უფრო მეტი საჭირო პუნქტი შეიტანონ, ამას უბრალოდ მივესალმები. ჩვენ გვინდა, რომ შეთანხმებისამებრ პირველ მარტამდე კანონად იქცეს ის შეთანხმება და ელექტრონული არჩევნების წესი დამკვიდრდეს. თითის ანაბეჭდმა მოსპოს ის მავნე პრაქტიკა „კარუსელები“ რომ ერქვა. ყველაფერმა მოგვიტანოს ბოლოს და ბოლოს პატიოსანი არჩევნების წესი, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული ეჭვშეუტანელი იყოს ხოლმე არჩევნების შედეგები. ასევე მინდა ვუთხრა ყველას, განსაკუთრებით, მათ, ვისაც არ სჯერა, შეიძლება ამ ქვეყანაში იყვნენ ახალფეხადგმული, ცოტა ხნის წინ რეგისტრირებული პატარა პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას და არავის გავლენას არ ექვემდებარებიან. ეს არის წარმოუდგენელი და დაუჯერებელი. ჩვენ არავის არაფერს ვეკითხებით, რასაც საქართველოს ინტერესი გვკარნახობს და საკუთარი სინდისი გვეუბნება, იმას გავაკეთებეთ ყოველთვის, არავის დირექტივას არ დაველოდებით”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. პლენარული სხდომაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 30 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე კენჭისყრა ვერ და არ გადაიდება. მისი თქმით, სურვილი აქვთ, პარლამენტი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უკვე 3 თვე გავიდა, იყო არაერთი მოლაპარაკება და ოპოზიციას შესვლის სურვილი არ აქვს.

გუშინ, პირველ თებერვალს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით “მყარად და მკაფიოდ” ჩამოაყალიბეს პოზიცია, რომელსაც მხოლოდ მას შემდეგ გაახმოვანებენ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებენ, ან უარყოფენ.