„ქვეყანა ბუტკა არ არის“ – ამ სლოგანით პარლამენტის წინ „ევროპული საქართველოს” ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია-პერფორმანსი გამართა

344

„ქვეყანა ბუტკა არ არის“ – ამ სლოგანით პარლამენტის წინ „ევროპული საქართველოს” ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია-პერფორმანსი გამართა, რითაც კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მოითხოვეს, რომ „ხალხს წართმეული არჩევნები დაუბრუნდეს”.

აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს პლაკატები წარწერებით: „ქართული ოცნება” დეპრესიაშია”, „ქართული ოცნება” ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და ა.შ. ამასთან, სიმბოლურად ჰაერში გაუშვეს ბუშტებზე მიმაგრებული „მანდატები“, ამგვარად კი, გამოხატეს ის, რომ „მანდატები პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს გაატანეს”.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ბრძოლას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე არ იქნება ის შედეგი, რაც მოსახლეობას სურდა.

„ბიძინა ივანიშვილმა სიმბოლურად თუ არასიმბოლურად მართა ქვეყანა, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში მიატოვა. ხელისუფლებას პანდემია ხელიდან გაექცა, ივანიშვილმა თავისი პირადი სტომატოლოგის ხელში მიგვატოვა, რაც წარმოუდგენელი რამ არის. მან მოგვპარა არჩევნები და ოპოზიციასა და ქართველ ხალხს მიუგდო ის მანდატები, რაც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელ პარლამენტში შესვლა აზრს უკარგავს არჩევნების მიშვნელობას, რადგან ბიძინა ივანიშვილმა „ქართულ ოცებასთან” ერთად ქართველ ხალხს მოპარა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

„შესაბამისად ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმა, ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ერთადერთი რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილებაა შექმნილი არასასურველი ვითარების განსამუხტავად. თუმცა, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად უნდა დაკმაყოფილდეს დანარჩენი ორი პირობაც: საარჩევნო სისტემის ცვლილება და პოლიტპატიმართა გათავისუფლება“, – აცხადებენ აქტივისტები.