შაქარიშვილი: უამრავ კითხვას აჩენს თბილისის მერიის მიერ საბიუჯეტო თანხებით გარე-სარეკლამო აბრების მომსახურების შესყიდვა

392

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი მერიის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არარაციონალური ხარჯვაზე საუბრობს და თბილისის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსს ბადრი გიორგაძეს მიმართავს.

შაქარაშვილის განცხადებით, უამრავ კითხვას აჩენს მერიის მიერ საბიუჯეტო თანხებით გარე-სარეკლამო აბრების (ე.წ ბილბორდები) მომსახურების შესყიდვა, საახალწლო მისალოცის განთავსების მიზნით. საკრებულოს დეპუტატი აღნიშნულ საქმეზე მოკვლევის დაწყებას ითხოვს.

“მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. დღეს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტი განიცდის მნიშვნელოვან დანაკლისს შემოსავლების ნაწილში, ხოლო გაზრდილია სოციალური მიმართულების ხარჯების წნეხი. განსაკუთრებით ამ ფონზე მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტმა რაციონალურად განკარგოს საბიუჯეტო სახსრები, განახორციელოს მოსახლეობის პრობლემების გადაჭრისათვის აუცილებელი ღონისძიებები და მაქსიმალურად დაეხმაროს ადამიანებს გაუმკლავდნენ უმძიმეს კრიზისს.

ყოველივე ზემო ხსენებულიდან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია და უამრავ კითხვას აჩენს მერიის მიერ საბიუჯეტო თანხებით გარე-სარეკლამო აბრების (ე.წ ბილბორდები) მომსახურების შესყიდვა, საახალწლო მისალოცის განთავსების მიზნით. აღნიშნული ბაზრის შესწავლით ირკვევა, რომ მსგავსი მომსახურება საკმაოდ ძვირადღირებულია და ხშირ შემთხვევაში უმსხვილეს კომპანიებსაც კი უჭირთ ასეთი ხარჯის გაწევა საკუთარი პროდუქტებისა თუ სერვისების რეკლამირებისთვის.

აღნიშნული ხარჯი არამიზნობრივი და არარაციონალურია, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამასთან, აუცილებელია მოხდეს შესყიდვის პროცესის დეტალური შესწავლა. დასადგენია – როგორ შეირჩა სერვისის მიმწოდებელი კომპანია? ჩატარდა თუ არა ელექტრონული ტენდერი? რა დაუჯდა ბიუჯეტს მომსახურების შესყიდვა?

მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ დაინტერესდეთ აღნიშნული საქმით და დაიწყოთ მოკვლევა, რადგან სახეზეა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის და შესაძლო კორუფციის ნიშნები“, – ნათქვამია მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის სახელზე გაგზავნილ წერილში.