თითქმის 1 მლნ ლარი იხარჯება გორში იმ გზის რეაბილიტაციის გამო, რომელიც მორალურ და ფიზიკურ ცვეთას განიცდის. ამის შესახებ საპროექტო ორგანიზაცია “გზაჯვარედინი 21-ე” წერს, რომლის დასკვნის საფუძველზე, გორის მერია გოგებაშვილის ქუჩის მეორე ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
საპროექტო ობიექტის სიგრძე დაახლოებით 536 მ-ია.
“ზემოთ აღნიშნული გზა, ფიზიკური და მორალური ცვეთის სიმძიმის გამო, საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების, კაპიტალური შეკეთების ჩატარების აუცილებლობას.
დღევანდელი ტექნიკური მდგომარეობით საპროექტო გზის მონაკვეთი წარმოადგენს ამორტიზირებულ გზას, შეიმჩნევა ბზარები, გარკვეულ მონაკვეთებზე დარღვეულია გზის გრძივი და განივი პროფილები. ქუჩას არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა,” – აღნიშნავს საპროექტო ორგანიზაცია.
მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდია, რომლის განკარგვა ხორციელდება სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
“ფონდის ფარგლებში მუნიციპალიტეტების დაფინანსების საპროგნოზო მოცულობის გაანგარიშების არსებული კრიტერიუმები სრულად ვერ ასახავს მათ საჭიროებებსა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, შედეგად ვერ ქმნის მუნიციპალიტეტებს შორის თანასწორი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობებს,” – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს სახელმწიფო აუდიტმა შეადგინა.