გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად, 500-ზე მეტი ოჯახი შეუფერხებლად, 24 საათიან რეჟიმში შეძლებს წყლის მიღებას.
როგორც მერიაში განმარტავენ, ტენდერი უკვე გამოცხადდა და 9 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 768 480 ლარი იქნება.
„სასმელი წყლის მოწესრიგება ქიწნისში რეგიონული განვითარების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებულია მწყობრიდან გამოსული ჭაბურღილის გვერდით ახალი ჭაბურღილის მშენებლობა და ორი მოქმედი ჭაბურღილის ამოწმენდა. ასევე დაგეგმილია ოთხი 50 მ3 კოშკისა და ოთხი ახალი საქლორატოროს მშენებლობა.
სოფელში 24 კმ. ზე მოეწყობა ახალი სისტემა და 550 ოჯახზე ინდივიდუალური წყალმზომი მრიცხველი დამონტაჟდება.
ქიწნისში ძველი სისტემისა და ჭაბურღილების გაუმართაობის გამო, სასმელი წყალი მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება. ორ უბანში მიწოდება საერთოდ ვერ ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელს ეს პრობლემა აღარ შეაწუხებს”, – აცხადებენ მერიაში.