10 სოფლის მოსახლეობა გორის მერს მიმართავს

361

ნიქოზი, ხვითი, ზარდიაანთკარი, გუგუტიაანთკარი, შავშვების, ბერბუკის და საქაშეთის დევნილთა დასახლებები, მეჯვრისხევი, ახალუბანი, აძვი-გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალები მერთან შეხვედრას გეგმავენ, მანამდე კი კანცელარიაში ერთობლივი წერილის შეტანას აპირებენ, სადაც როგორც თავად ამბობენ, იმ პრობლების ჩამონათვალი იქნება რომელთა მოგვარებაშიც მერის ჩართვას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“ზარდიაანთკარში მცხოვრები მოსახლეობა მოგეხსენებათ ომიდან 5 წლის შემდეგ დაუბრუნდა საცხოვრებელ სახლებს,აქ მაცხოვრებელი ხალხისთვის ყოველდღიური ყოფითი ცხოვრება ძალიან რთულია და ბევრი პრობლემაა,მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ომის დროს დამწვარი სახლებია,განადგურებული საარსებო წყარო და განადგურებული საყოფაცხოვრებო ნივთები. არ არის ამბულატორია, მიგრაციაა, ახალგაზრდების დასაბრუნებლად აუცილებელია მცირე ბიზნესისთვის ხელის შეწყობა,დაინტერესდეს და დაუბრუნდეს მოსახლეობა მიტოვებულ კარ- მიდამოს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფოსგან დიდი ყურადღება სჭირდება”, – ამბობს ზარდიაანთკარში მცხოვრები ციცინო ელიკაშვილი.

სამედიცინო დაწესებულების ადგილზე გახსნას ითხოვენ იქვე მდებარე კოშკა-გუგუტიაანთკარშიც. ადგილობრივი ლია მიქელაძე ამბობს, რომ პრობლემების მოგვარებას ადგილობრივები წლებია უშედეგოდ ითხოვენ.

“შიდა უბნებში გარე განათების დამონტაჟება, ზედა უბნებში სასმელი წყლის გამრიცხვიანებას და წყლის 24 საათიან მოხმარებას წლებია ვითხოვთ, ისე როგორც ამბულატორიას და ექიმის მომსახურებას ადგილზე,“- ამბობს ლია მიქელაძე.

ინფრასტრუქტურის მოწყობა პრობლემას წარმოადგენს ნიქოზის თემშიც. აადგილობრივი ნათია მჭედლიძე აღნიშნული ქალების მსგავსად მონაწილეობდა კარალეთის ქალტა სოლიდარობის ცენტრის კვლევაში და ადგილობრივი პრობლემების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ აქ მაცხოვრებელი ქალებისგან გაეცნო.

“ნიქოზსა და ხვითში გარე განათება არ არის დამთავრებული. სოფლის შიდა უბნების მოხრეშვაა საჭიურო ორივე სოფელში”, – ამბობს ნათია მჭეედლიძე.

პრობლემებზე საუბრობენ დევნილთა დასახლებებშიც.

„ჩვენთან პრობლემები ბევრია, მაგრამ განსაკუთრებით ეს სამი პრობლემა გვაწუხებს ძალიან 1კანალიზაცია. 2.მიწის ნაკვეთის დაკანონება 3.შიდა გზების მოწესრიგება”, – ამბობს საქაშეთის დასახლებაში მცხოვრები მაია ქურდაძე.

“ბერბუკის დასახლებაში კანალიზაციაა ყველაზე დიდი პრობლემა. დასახლებაში არ ფუნქციონირებს ე.წ. კლუბი რომელიც უნდა მუშაობდეს და ხალხს ასაქმებდეს. მაგალითად, ასწავლონ ინგლისური ან რამე წრეები გაიხსნას ბავშვების განვითარებისთვის, ისედაც ჩამორჩენილნი არიან სკოლებიდან. დასახლებაში არ გვაქვს აფთიქი ელემენტარულ წამალზე გორში გვიწევს წასვლა, თუ იქნება რაიმე დახმარება შესაძლებელი ძალიან მადლობლები ვიქნებით,“ – აცხადებს თამარ ყაულაშვილი.

მერის სახელზე წერილის გაგზავნას სოფლად მცხოვრები ქალები თვის ბოლოსთვის გეგმავენ, რის შემდეგაც დეტალებზე სასაუბროდ კონსტანტინე თავზარაშვილთან პირადი შეხვედრის (თუნდაც ონლაინ რეჟიმში) ინიციატივას გააჟღერებენ.