ელისაშვილი: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ყველა პარტიას პარლამენტში შესვლა უნდა – ქვეყანა არის კრიზისში, ახლა ფეხების ბაკუნის დრო არ არის

410

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ, საერთო ჯამში, ყველა პარტიას პარლამენტში შესვლა უნდა. ყველა ეძებს გზას როგორ გამოვიდეს თავისი სიტყვისა და რიტორიკის ტყვეობიდან. დავეხმარებით მათ აქედან გამოსვლაში, დაცინვის გარეშე ვამბობ, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს „გირჩთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში „მოქალაქეები“ და „გირჩი“არჩევნებში ბარიერგადალახულ ყველა პარტიას ცალკ-ცალკე შეხვდება და ჩიხიდან გამოსავლის გზებზე ესაუბრება. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციისთვის „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეთავაზება იქნება „გირჩის“ ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ ჯამურად მმართველ გუნდს მოუგო, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს.

„შევხვდით „გირჩის“ ლიდერებს, ვილაპარაკეთ, ჩვენ ძალიან ახლო პოზიციები გვაქვს კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით. საერთო მოქმედების გეგმაზე შევჯერდით და იმაზეც, რომ წავალთ და დაველაპარაკებით დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა, გიორგი ვაშაძესთან, როგორც ის დაბრუნდება უცხოეთიდან, შემდეგ „ლელოსთან“ და სხვებთან. ცალკ- ცალკე დაველაპარაკებით ყველას, ჩვენ და „გირჩი“. თუ დაგვთანხმდებიან შეხვედრაზე, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შევხვდებით. ოთხ რაღაცას ვითხოვდით და ჩვენ და „გირჩს“ ოთხივეზე გვაქვს პოზიციები ახლოს. ერთადერთი, რაც დანარჩენი ოპოზიციისთვის სადავო და მიუღებელია არის ის, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს. „გირჩს“ აქვს ინიციატივა, რომელიც ვფიქრობ ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. ეს არის ის, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნება“ ოპოზიციასთან ჯამურად დამარცხდება, მაშინ 2022- ში არჩევნები დაინიშნოს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საერთო ჯამში, ყველა პარტიას პარლამენტში შესვლა უნდა. ყველა ეძებს გზას როგორ გამოვიდეს თავისი სიტყვისა და რიტორიკის ტყვეობიდან. დავეხმარებით მათ აქედან გამოსვლაში, დაცინვის გარეშე ვამბობთ. ქვეყანა არის კრიზისში, ახლა ფეხების ბაკუნის დრო არ არის. ჩვენ და „გირჩს“ ერთმანეთის დარწმუნება არ გვჭირდება, მზად ვართ სხვებს მოვუსმინოთ და დავარმწუნოთ. შევხვდებით და ვნახოთ. „ქართულ ოცნებასაც“ მზად ვარ შევხდეთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

პარტია “მოქალაქეები” და “გირჩი” ის პარტიებია, რომლებსაც ამ დრომდე არ უთქვამთ საპარლამენტო მანდატებზე უარი.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და სისტემის რეფორმა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს პლებისციტიც შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებდა ამომრჩევლისთვის კითხვის დასმას იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.  ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმას თანხმდება.

2020 წლის 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტი მხოლოდ 1 პარტიით შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში შევიდა 4 დეპუტატი, რომლებიც საკნანონმდებლო ორგანოში “პატრიოტთა ალიანსის” სიით მოხვდნენ, შემდეგ კი სხვა პარტია, “ევროპული სოციალისტები” ჩამოაყალიბეს.

რაც შეეხება “გირჩის” ერთ განაყოფსა და “მოქალაქეებს” – როგორც ამბობენ, მათთვის რიგგარეშე არჩევნები საკვანძო საკითხი არ არის და პარლამენტში სხვა მოთხოვნებზე პირობის მიღების შემთხვევაშიც შევლენ.