პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მომავალ წლამდე არ მოხდება.
საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში, შესაძლოა, რიგგარეშე სესიის შემთხვევაში – იანვარში ან საგაზაფხულო სესიაზე შევიდეს.
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 54 ოპოზიციონერი დეპუტატი ითხოვს, რომელთა განცხადებებიც უკვე პარლამენტშია.
აღნიშნული განცხადებების განხილვის ვადებს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სწავლობს და დასკვნას ამზადებს არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აქცენტი რეგლამენტის იმ ჩანაწერზე გააკეთა, რომლის მიხედვით, პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში, რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება.
“კომიტეტი ყველა ამ განცხადებას ვადების შესაბამისად განიხილავს. როცა სესია წყდება, ვადის მიმდინარეობაც წყდება და როცა სესია განახლდება, მაშინ ხდება ვადის მიმდინარეობის გაგრძელება. საკითხის განსახილველად ან მომავალი წლის იანვარში უნდა მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია ან თებერვალში, როცა პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, მაშინ განვიხილოთ“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება არ დაუწერია მხოლოდ პარტია “მოქალაქეების“ ორ წარმომადგენელს, “გირჩის“ სიით შესულ პარლამენტის სამ წევრს და ერთ დეპუტატს “პატრიოტთა ალიანსიდან“. პარლამენტში შესული ყველა სხვა ოპოზიციონერი მანდატის შეწყვეტას ითხოვს და ამ ფორმით პროტესტს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს უცხადებს.