ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარე: არსებობის უფლება აქვს ვერსიას, რომ შესაძლოა, ჩვენს მიმართ იყო ფარული მიყურადება, თუმცა ჩვენ ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს

614

ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარის, თამარ სართანიას განცხადებით, არსებობს რამდენიმე ვერსია იმის შესახებ, თუ საიდან ჰქონდა ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ხმების პარალელური დათვლისას ISFED-ის მიერ დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით.

როგორც სართანია აღნიშნავს, არსებობის უფლება იმ ვერსიასაც აქვს, რომლის თანახმადაც ორგანიზაციაზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა.

„საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ, ეს არ ვიცით, ამაზე არის რამდენიმე ვარიანტი, სადაც ყველას თანაბრად აქვს არსებობის უფლება. ISFED-ს დამკვირვებლები 1000 უბანზე ჰყავდა, „ქართულ ოცნებას“ დამკვირვებელი ჰყავდა ყველა უბანზე. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მარტივად იცოდა, რომელ 1000 უბანზე ჰყავდა ISFED-ს დამკვირვებელი. შესაბამისად, ისეთი რესურსების მქონე პარტიას, როგორიც „ქართული ოცნებაა“, ძალიან მარტივად შეეძლო ჩამოეტვირთა ის 1000 ოქმი, დაეთვალა ხელახლა და მისულიყო იმ დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდა. ეს არის ვერსია, რომელსაც არსებობის უფლება აქვს. ასევე, არსებობის უფლება აქვს იმ ვერსიას, რომ შესაძლოა, იყო ფარული მიყურადება, თუმცა მე ამაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, რადგან ამის საფუძველი არ მაქვს. ამ ქვეყანაში ფარული მოსმენა არსებობს, ეს აზრი მუსირებს და ამ ვერსიას სამწუხაროდ, ბორდი ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. აქვე ვამბობ, რომ „ქართული ოცნების“ რესურსების მქონე პარტიას 1000 უბნის ოქმების ჩამოხსნა არ გაუჭირდებოდა ერთ ან ორ დღეში და მათი დათვლა“,- განაცხადა სართანიამ.

შეგახსენებთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.