თურნავა: შეიძლება გარკვეული ხარვეზები თან სდევდეს საარჩევნო პროცესს, მაგრამ ეს არაარსებითი ხასიათის ხარვეზებია და ვერ მოახდენდა გავლენას საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე

456

შეიძლება გარკვეული ხარვეზები ყოველთვის იყოს და თან სდევდეს ნებისმიერ საარჩევნო პროცესს, მაგრამ ეს არაარსებითი ხასიათის ხარვეზებია, რომელიც რა თქმა უნდა, ვერ მოახდენდა გავლენას საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, როცა ამომრჩეველი ხმას და მანდატს გაძლევს, რომ პარლამენტში წარმოდგინო მათი ინტერესები, ქუჩის გზა არის უპასუხისმგებლობა მათ მიმართ.

„რა თქმა უნდა, 9 პარტიას მისცა ხმა ამომრჩეველმა და სწორია, რომ ოპოზიციური პარტიები თავის პოლიტიკიურ დღის წერიგს და ცხოვრებას მართავდნენ სწორედ ცივილიზებულად საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით, აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ნაწილში ამ შეფასებას. ქუჩის გზა ამ შემთხვევაში როცა ამომრჩეველი ხმას და მანდატს გაძლევს, რომ პარლამენტში წარმოდგინო მათი ინტერესები, ეს არის უპასუხისმგებლობა ამომრჩევლის მიმართ და ამას სხვა შეფასება არც შეიძლება ჰქონდეს მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნოს და აშშ-ის მხრიდან. რაც შეეხება პარტიების დაფინანსების კანონპროექტს, ძალიან მარტივი ლოგიკაა, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, რომ თუ არ მუშაობ რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი ხალხის ფულით დაგაფინანსებს. კანონპროექტი აბსოლუტურად გამართული იყო სამართლებრივად, მაგრამ დავინახეთ რა სხვადასხვა სპეკულაციების საფრთხე, თავიდან რომ იყოს აცილებული ეს სპეკულაციები, მივიღეთ ის გადაწყვეტილება რაც მივიღეთ და საბოლოო დამტკიცებამდე გადავუგზავნეთ ჩვენს პარტნიორებს ეუთო/ოდირს, ვენეციის კომისიას. აშშ, სხვა ჩვენი პარნტორი სახელმწიფოები და ორგანიზაციები, ყველა ერთ აზრზე იყვნენ და არიან, რომ ეს არჩევნები არსებითად დემოკრატიულად ჩატარდა, ადამიანებს მიუხედავად პანდემიისა, მიეცათ თავისუფლად ხმის მიცემის შესაძლებლობა იმ კანდიდატისთვის და პარტიისთვის, ვისთვისაც სურდათ, არ იყო არანაირი ზეწოლა.

შეიძლება გარკვეული ხარვეზები ყოველთვის იყოს და თან სდევდეს ნებისმიერ საარჩევნო პროცესს, მაგრამ ეს არაარსებითი ხასიათის ხარვეზებია, რომელიც რა თქმა უნდა, ვერ მოახდენდა გავლენას საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე და ეს დადასტურდა კიდეც სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა შეფასებებში,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედგაცრუებული დარჩა სხვების მსგავსად, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ, შედეგად კი ხალხმა ნდობა დაკარგა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართ.