გახარია: საგადასახადო შეთანხმების მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს განვიხილავთ

329

გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას განაცხადა, რომ გარდა საგადასახდო შეღავათებისა, უნდა გადაიხედოს საგადასახადო შეთანხმებაც.

“ამ პარლამენტთან ერთად მოგვიწევს საგადასახადო შეთანხმების, დღეს უკვე, ასე ვთქვათ, მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯების განხილვა, ან, საერთოდ, ამ პრაქტიკის გაუქმება. დადგა დრო, რომ განვიხილოთ საერთოდ, საგადასახდო შეთანხმების, როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ფორმის ეფექტიანობა და სამართლიანობა, მათ შორის”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ, ასევე, ისაუბრა, რომ კერძო სექტორი არის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც, პანდემიის პირობებში, უნდა შექმნას და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები. კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობა კი ის ძირითადი კომპონენტია, რომელზეც სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული.

გიორგი გახარიამ სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას თქვა, რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე:

  • საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები;
  • ეკონომიკური განვითარება;
  • სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება;
  • სახელმწიფო მმართველობა.