ავთანდილ ენუქიძე თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
„მე, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შევდივართ მეათე მოწვევის პარლამენტში. მოგეხსენებათ, ყველა პარტიაში არის ბიზნეს-შემადგენელი. ავთანდილ ენუქიძე წლების განმავლობაში პარტიის მხარდამჭერი და შემომწირველი იყო, აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში. როგორც დღეს მოვისმინე, მას ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ჩვენ მივყვებით ჩვენი პარტიის გეზს და უარს ვამბობთ ამ პარლამენტში შესვლაზე“, – განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.