უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი, ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობას კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს იმ სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით, რომელთა ეფექტიანობის თვალსაზრისით კითხვები არსებობს და ქვეყნის ბიუჯეტს აწევს მძიმედ.
„სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის ამაღლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რის მიმართულებითაც ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ბევრის გაკეთება მოგვიწევს. ყველა ის სახელმწიფო საწარმო, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ან მძიმედ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და უნდა დავიწყოთ ამ საწარმოების მართვის ეფექტიანობის ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა, ამავე დროს უნდა დავიწყოთ მათ პრივატიზაციაზე ფიქრი. ამ ნაწილში ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს და ეს არ შეიძლება გახდეს სპეკულირების საგანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია იმისთვის, რომ ჩვენ გავაჯანსაღოთ როგორც ჩვენი ეკონომიკა, ასევე მაქსიმალურად ავამოქმედოთ ყველა ის აქტივი, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია,“- განაცხადა გახარიამ.