საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობის შემდგომი 4 წლის ყურადღების ცენტრში იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი გახარიას განცხადებით, საჯარო მოხელის კომპეტენციის გაზრდა და კეთილსინდისიერება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება.
„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ჩვენ უნდა გავატაროთ 4 წლის განმავლობაში, შეუძლებელია მმართველობითი სისტემის და საჯარო მოხელის დახმარების, პირდაპირი ჩართულობის გარეშე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კომპეტენტური და რაც მთავარია კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე ნებისმიერი რეფორმის გატარების ფუნდამენტია. ამიტომ საჯარო მოხელე იქნება საქართველოს მთავრობის შემდგომი 4 წლის ყურადღების ცენტრში.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა არის საპარლამენტო დემოკრატია, როდესაც „ქართული ოცნების” რეფორმების შედეგად ჩვენ უახლოეს წლებში გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო მოხელე ხდება ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა, ამიტომ საჯარო მოხელის კომპეტენციის გაზრდა და კეთილსინდისიერება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა.
რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ საჯარო მოხელის ეფექტურობაზე, აქაც გვაქვს გარკვეული გამოწვევები, ეს შეიძლება იყოს კომპეტენციის ხარისხი, კორუფციის გამოწვევები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ის გამოწვევებია, რომელსაც ვპასუხობდით”,- განაცხადა გახარიამ.