პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ის ოპოზიცია, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა და მოატყუა, რომ მისი ხმა იქნებოდა პარლამენტში, – ამის შესახებ პარლემენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთპარტიულ პარლამენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს მოატყუა, რომ მისი ხმა იქნებოდა პარლამენტში.
„არავითარ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ. პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ის ოპოზიცია, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა და მოატყუა, რომ მისი ხმა იქნებოდა პარლამენტში, არ შემოვიდა საკანონმდებლო ორგანოში. ამიტომ პასუხისმგებლობა არის მთლიანად მათკენ“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, პარტიების დაფინანსების საკითხზე საუბრისას წულუკიანმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი რევოლუციებს არ დააფინანსებს.
„რა თქმა უნდა, არ დავაფინანსებთ რევოლუციებს. ძნელად წარმომიდგენია, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა იმაზე მეტი და ახალი შესთავაზოს ოპოზიციას, ვიდრე იქნა შეთავაზებული. მათ მხარეს არის ბურთიც, გადაწყვეტილებაცა და პასუხისმგებლობაც. თუ გააგრძელებენ საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობას, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. მე მესმის ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, როცა მათ ეს ჩიხი შექმნეს და შეიყვანეს თავიანთი თავი, ამ ჩიხიდან გამოსვლა შეიძლება იყოს საკმაოდ ძნელი, მაგრამ ამაზე ამომრჩეველი რას ეტყვის მათ, ესაა მთავარი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი რატომ არ ერთვება მოლაპარაკებებში, თეა წულუკიანმა უპასუხა: „მოლაპარაკებებში უმაღლესი თანამდებობის პირი, რანგით მეორე არის ჩართული და აქედან გამომდინარე, კითხვაც არ ისმის, რატომ არ არის ჩართული მაღალი დონე“.