თურნავა: შეზღუდვების და წესების დიდი ნაწილი, რაც დღეს გამოცხადდა, სწორედ სავაჭრო სექტორიდან მოდის

378

„ეკონომიკურ გუნდს და პირადად არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია გვქონდა სავაჭრო ობიექტებთან და ძალიან დიდი ნაწილი იმ შეზღუდვების და წესების, რაც დღეს გამოცხადდა, სწორედ სავაჭრო სექტორიდან მოდის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სავაჭრო ობიექტები მზად არიან, თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა.

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მხრიდან თავს მოხვეული შეზღუდვები და წესები, ეს არის სავაჭრო ობიექტების შემოთავაზებები, რაც მათ შეიმუშავეს და ჩვენთან შეხვედრაზე გაავრცელეს. სავაჭრო ობიექტები მზად არიან, რომ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ. ეს ეხება სამუშაო საათებს, რიგების მართვის სისტემას. გარდა ამისა, ეს ეხება ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მიგნებას, რაც თვითონ შემოგვთავაზა სავაჭრო სექტორმა, რომ ფასდაკლებები გავრცელდეს ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე, რათა ამით წახალისდეს დისტანციური ვაჭრობა და მოხდეს ძირითადად დღის პირველ ნახევარში, დილის საათებში, რაც გადაანაწილებს მომხმარებლების მასას საათების მიხედვით და ნაკლები მობილობა შეიქმნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დაწესებული შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება.