განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2021 წლიდან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღმზრდელი პედაგოგების საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ.
როგორც მან საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პროფესიაში კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლების მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა. ამასთან, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაზეც ისაუბრა.
მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრობის კანდიდატმა აღმზრდელებისა და აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ შეიმუშავა საბავშვო ბაღების გახსნისა და ოპერირების დოკუმენტი, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ერთგვარი გზამკვლევი იქნება.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბილინგვური განათლების დანერგვის კუთხით. ასევე, ვითარდება ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის მხარდამჭერი პროგრამები და მექანიზმები.
მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა სკოლამდელი განათლების განვითარების მხარდაჭერის პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობას.