ცქიტიშვილი პანკისი-თუშეთის გზაზე: 2 880 მეტრ სიმაღლეზე არის გათვალისწინებული საუღელტეხილო მონაკვეთი, რომელიც ვერ ხორციელდება

558

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2 880 მეტრ სიმაღლეზე არის გათვალისწინებული საუღელტეხილო მონაკვეთი, რომელიც ფიზიკურად ვერ ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით.

ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში პანკისი-თუშეთის გზასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად განაცხადა.

“შესაძლოა, წლების შემდეგ ეს ფასი ან ტექნოლოგია იყოს გამართლებული ამ გზის გასაყვანად. დაახლოებით 500 მილიონი ჯდება თუშეთი-ხევსურეთის გამაერთიანებელი გზის გაყვანის პროექტი, რასაც ასევე, მძიმე კლიმატური პირობების გათვალისწინებით მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში გამოვიყენებთ და შესაბამისად ცხადია, რომ ამ პროექტს ვერ განვახორციელებთ”,-აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასაქმებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღეისთვის პროექტებში დასაქმებულია 33 500 ადამიანი, აქედან 31 500 არის საქართველოს მოქალაქე.

“მაგალითად, გზების პროექტებზე 9 უცხოური კომპანია მუშაობს და ამ 9 კომპანიას ჯამში ჰყავს დასაქმებული 1786 მოქალაქე. ამდენად, უცხოურ კომპანიებს ვალდებულება აქვთ რომ პროექტებში დაასაქმონ არანაკლებ 70% საქართველოს მოქალაქეებისა. მიზეზი, თუ რატომ არიან დასაქმებული უცხოელები არის ის, რომ სამწუხაროდ ხშირად არ გვყავს სათანადო კვალიფიკაციის დონის ინჟინრები, დამგეგმარებლები, რომლებიც არის საჭირო იმისთვის, რომ არსებული დონის სამუშაოები აწარმოონ და მართონ”,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.