„საარჩევნო კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც პარტიის ლიდერის გამო საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ითვალისწინებს

503

„საარჩევნო კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც პარტიის ლიდერის გამო საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ითვალისწინებს.

კანონში პირდაპირ იწერება, რომ თუ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს, ცესკოს განკარგულებით საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება.

აღნიშნულ საკითხზე ცესკო-სთვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტს ან ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას.

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა გამოცხადებულია სამართალდარღვევად და ითვალისწინებს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

„საგულისხმოა, რომ ამჟამად არ არსებობს უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან ასეთი ჩარევის შემაკავებელი ეფექტიანი მექანიზმი. მნიშვნელოვანია, რომ თუ პირი საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს, შესაბამისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მათ ორმხრივად – როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ისე საარჩევნო სუბიექტს, ეკისრებოდეთ“, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

საკანონმდებლო ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით.

ინფორმაციითვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც პარლამენტის წევრის მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ასევე, პარლამენტის წევრს, რომელიც თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასი სრულად დაუკავდება. ხოლო, პარტია, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არჩევნებისას ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს.