მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია იმართება.
ადგილზე ოპოზიციური პარტიების აქტივისტები არიან შეკრებილი. მათ შესასვლელთან არსებულ რკინის ჯებირზე სტიკერების გაკვრაც სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
„გვინდა სტიკერების მიკვრა, რისი უფლებაც კანონით გვაქვს, რადგანაც ეს არის დროებითი ღობე. არჩევნები ყველამ იცის რომ გაყალბებულია. ყოველღიურად მოვალთ აქ. გვინდა, რომ მივაკრათ ჭიშკარს გაყალბებული ბიულეტინები, რომ ყოველდღე დახვდეთ და ნახოთ, რომ ესენი არიან ყალბ პარლამენტში. მათ ქართველ ხალხს წაართვეს არჩევნის უფლება და სურთ საქართველოში რუსული ნარატივი გაატარონ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქტივისტები პარლამენტის უკანა შესასვლელთან უკვე რამდენიმე დღეა კარვებში ღამეს ათევენ. ისინი აცხადებენ, რომ ამ ფორმით არჩევნების შედეგების გაპროტესტებას ყოველდღიურ რეჟიმში გეგმავენ.