გიორგი გახარიამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა

360

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტს სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამთავრობო პროგრამის – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.

პარალელურად, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის.

აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და განვითარების, ასევე ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე:

∙ საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები;

∙ ეკონომიკური განვითარება

∙ სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება

∙ სახელმწიფო მმართველობა

თითოეული საკვანძო მიმართულება მოიცავს მთავრობის გაწერილ ხედვას და კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი”, – ნათქვამია პროგრამაში.

ცნობისთვის, დღეს გიორგი გახარიამ პარლამენტს სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაც წარუდგინა. მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია.

მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურები არიან:

  1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;
  2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;
  4. თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;
  5. იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;
  6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;
  7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;
  8. საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;
  9. ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;
  10. შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;
  11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.